„გოგონა გარეუბნიდან" არის კომედია იმის შესახებ, რომ ფიზიკური მომხიბვლელობა არ არის გარანტი ადამიანის შინაგან სამყაროს სილამაზისა და, პირიქით, შეუხედავი ადამიანის უკან შეიძლება, ათასი სასიამოვნო სიურპრიზი იმალებოდეს.
"ღამის შოუს სტუდიის" ახალი პროექტი ამერიკული სერიალის „Ugly Betty-ს" ანალოგია. ეს არის დრამადის ტიპის სერიალი, რომელიც კომედიისა და დრამის ნაზავია და ეფუძნება 1999 წელს კოლუმბიაში გადაღებულ სერიალს "Yo Soy Betty, La Fea". ეს ორიგინალრი ტელე-ნოველა მრავალ ენაზე ითარგმნა. 2010 წლის მონაცემებით ამ პროექტის ახლებური ვერსიები ჩვიდმეტ სხვადასხვა ქვეყანაში შექმნეს. 2010 წლის 24 მაისს ამ ჩამონათვალს ქართული „ღამის შოუს სტუდიაც" შეემატა.
სერიალში მოქმედება ვითარდება სამაუწყებლო ტელევიზია „ტევე თერთმეტის" ოფისში, სადაც გარეუბანში მცხოვრები გოგონა - თამუნა ჭელიძე - იწყებს მუშაობას. თამუნა არჩილ წილოსანის მიერ ყველასათვის მოულოდნელად დანიშნული დირექტორის, ნიკა კეკელიძის, ახალი ასისტენტი ხდება. ნიკას დირექტორობა ბევრს არ ეხატება გულზე, განსაკუთრებით კი ლალი ჩიქოვანს, რომელსაც ნიკას გამოჩენამდე წინასწარ ულოცავდნენ დირექტორობას. ნიკასა და ლალის ბრძოლა ძალაუფლებისათვის, გამოუცდელი და მეამიტი თამუნა ჭელიძის მოღვაწეობა ტელევიზიაში, მოულოდნელი ინტრიგები - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმისა, რაც „იმედის" მაყურებელს ელის წინ.
"ღამის შოუს სტუდიის" ახალი პროექტი სიახლეა ქართველი მაყურებლისათვის. ოღონდ არ ელოდოთ სხვა საპნის ოპერების მსგავს პერსონაჟებსა და პერიპეტიებს ... ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა და რასაც „ღამის შოუს სტუდია" თავის ერთგულ მაყურებელს ხშირად სთავაზობს..
თქვენივე განწყობისათვის ყოველ პარასკევს 22:00 საათზე ნუ დაგეგმავთ ნურაფერს.
„იმედის" ეთერში გასული ახალი ქართული ტელე-სერიალი კვირაში ერთხელ მოგიყვებათ ამბავს, რომელიც ძალიან ჰგავს კონკიას ზღაპარს...